X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ზუგდიდში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

2 აპრილი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 

მაია ცქიტიშვილი დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობით დაინტერესდა. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ექვსი კორპუსი შენდება. აქედან სამის მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, ზაფხულში უნდა დასრულდეს, სამი კორპუსის მშენებლობის დასრულება კი 2021 წლის დასაწყისში იგეგმება.  ამ საცხოვრებელ სახლებში ბინას 720 ოჯახი მიიღებს.

მაია ცქიტიშვილი,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, წყალარინების სისტემის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო. სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც მომავალი წელს დასრულება, აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მთლიანი ბიუჯეტი 137 მლნ ლარზე მეტია.

ზუგდიდის მოსახლეობის 60 პროცენტი, წყალარინების სისტემის არარსებობის გამო, დღემდე ვერ სარგებლობს საკანალიზაციო სისტემით. პროექტი ქალაქის ამორტიზებული ქსელის   რეაბილიტაციას და 180 კილომეტრამდე წყალარინების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს, აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი გამწმენდი ნაგებობაც, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება. პროექტი შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს. 

ზუგდიდში საბავშვო ბაღის მშენებლობაც მიმდინარეობს. სკოლამდელი დაწესებულება 125 აღსაზრდელზეა გათვლილი და ეს პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით ერთი მილიონი ლარით ფინანსდება.